logo
ENG



შოიგუ ტელეეკრანებზე გამოჩნდა და თქვა, რომ რუსეთის მთავარი მიზანი "დონბასის გათავისუფლებაა"

29 მარ 202214:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/29/rwy0mt1lcmsu0g5.jpg

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ტელეეკრანებზე გამოჩნდა. 

შოიგუ უკვე ორი კვირაა, საჯაროდ არ უნახავთ. 

დღეს, 29 მარტს ის რუსული სამთავრობო მედიის ეთერში წარდგა და თქვა, რომ "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" პირველი ეტაპის მიზანი მიღწეულია, რაც საშუალებას იძლევა, რუსეთის ფოკუსი "დონბასის გათავისუფლებაზე" გადაიტანოს. 

"უკრაინის საბრძოლო პოტენციალი საგრძნობლად შემცირდა, რაც საშუალებას იძლევა, ძირითადი ყურადღება და ძალისხმევა მთავარი მიზნის - დონბასის გათავისუფლებისკენ მიმართოს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. რუსეთმა მოიპოვა საჰაერო უზენაესობა, გაანადგურა საჰაერო თავდაცვის ძალები და სისტემები [...]. რუსეთის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ სპეცოპერაციას დასახული მიზნების მიღწევამდე". - განაცხადა მან. 

ის, რომ მიზანი "დონბასის გათავისუფლებაა" და არა უკრაინის "დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია", რამდენიმე დღის წინ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, სერგეი რუდსკოიმაც თქვა

რუსეთის სახელმწიფო პირები, მათ შორის, თავად პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი თავიდანვე აცხადებდნენ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის მიზანი სწორედ უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია იყო", ასევე, მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობა.  

თუმცა, ინტენსიური ბრძოლებისა და მცდელობის მიუხედავად, აეღოთ უკრაინის ყველა ძირითადი ქალაქი, მათ შორის, დედაქალაქი კიევი, რუსეთმა ამის გაკეთება შეჭრიდან ერთი თვის შემდეგაც ვერ შეძლო. 

მას შემდეგ, რაც გამარჯვება ვერ მოიპოვა, რუსეთმა რიტორიკა შეცვალა. 


close დახურვა